Monday, June 16, 2014

პეიზაჟი–როცა შემოდგომა უკანასკნელად სუნთქავს

     

ბუნება მხატვარია,უდიდესი მხატვარი.ადამიანი  ბედნიერია თუკი შეუძლია იმ მშვენიერი პორტრეტების აღქმა,რომელიც ზოგჯერ ინდივიდის  ცხოვრებასავით ცვალებადია.
       განსაკუთრებით,გულშიჩამწვდომია ის დღეები,როდესაც, შემოდგომა უკანასკნელად სუნთქავს.. ნაცრისფერია ცის გუმბათი,ხეებს თითქოს განგებ შეურცევია ის სამოსელი და სინონიმურად ერწყმის ცას.
       შემოდგომის ფოთლები,მოძველებული,გაყვითლებული ფურცლებივით მიმოფანტულა ირგვლივ,ეალერსებიან ძარღვებივით დამსკდარ,დასაქსულ დედამიწის ზედაპირს და საკუთარ გულისტკივილს გამოსთქვამენ.ერთი შეხედვით უწყინარი ფოთლები აუღწერელ განრისხებას გამოხატავენ:დაშრიალებენ,ეკვრიან გაშეშებულ ხეებს,ტოტსა და ტოტს შორის გაჩხერილნი თრთიან იმის შიშით,რომ ქარის დახმარებით ხეებზე აბობღებულნი,ისევ ძირს არ ჩამოცვივდნენ,შემოდგომის მზე კი ცდილობდა ძალა ეპოვნა მკრთალ სხივებში,ფოთლები ირეოდა,ფანჯრის მინებზე ეხეთქებოდნენ და შრიალით პროტესტს გამოთქვამდნენ.
       ატოტილი ტოტები ადამიანის მავედრებელი ხელებივით დაკრუნჩხულან და რაღაცას ღაღადებენ ღმერთს ან ცას,განშორება ეძნელებათ...
       საბრალო ფოთლები,მოვა ზამთარი თეთრ სახვევს შემოაკრავს არემარეს,დამსკდარ დედამიწასაც გაუმაძღრად შთანთქავს ფაფუკ მასას და თან ჩაიყოლებს გასაცოდავებულ ფოთლებს,ისე წავლენ და გაქრებიან,თითქოს არც კი არსებულან.
       მართლაც,რომ საოცარია ის დღეები,როცა შემოდგომა უკანასკნელად სუნთქავს.

No comments:

Post a Comment