ნინი თევდორაშვილი
Monday, March 16, 2015
,,აწმყო, შობილი წარსულისაგან, არის მშობელი მომავალისა''
ილია წერდა: ,,აწმყო, შობილი წარსულისაგან, არის მშობელი მომავალისა'', ამიტომაც, მომავლის განჭვრეტის საუკეთესო გზად წარსულის გახსენება და აწმყოს გაანალიზება მესახება. ესაა საშუალება, ვუპასუხოთ კითხვებს: ,,რანი ვართ? რანი ვიყავით? რანი ვიქნებით?''.
საქართველოს, როგორც სახელმწიფოს, მრავალსაუკუნოვანი ისტორიის თითქმის ყველა ფურცელი სამაგალითო და საამაყო შეიძლება იყოს ჩვენი ერისათვის: უამრავი სახელოვანი მეფე, სანატრელიეპოქა თუ ოქროს ხანა, არაერთი მოუგებელი ბრძოლიდან გამარჯვებით გამოსული ქართველი მეომრები და დღეისათვის ამ პატარა ქვეყნის საზღვრები გადაჭიმული ,,ნიკოფსიიდან დარუბანდამდე, ოვსეთიდან არაგაწამდე''.
დღეს როცა ამ ყველაფერს ვკითხულობთ, დაუჯერებელიც კი შეიძლება იყოს ის, რომ იმ ქვეყანაზეა საუბარი, სადაც ახლა ვცხოვრობთ, ვინაიდან ადამიანური ბუნების კარნახით, არსებულ რეალობასთან ვავლებთ პარალელს და იქნებ ვერც ვხვდებით, თუ რატომ იქცა მე-12 საუკუნეში რენესანსის ქვეყანა როგორც 21-ე საუკუნეშუ მესამე მსოფლიოს განვითარებად ქვეყანად ჩამორჩენილი ეკონომიკითა და საზოგადოებით?! გრ. ორბელიანი ქართველებზე წერდა: ,,ერი პურადი, გულადი
მებრძოლი შავის ბედისა'', რომლის ანდამატივით მტკიცე გული ვერანაირმა ტრაგედიამ თუ გაჭირვებამ ვერ გატეხა. ეს მაშინ იყო და დღეს?- არის ვინმე, ვინც იმავეს იტყვის დღევანდელ საქართველოზე? - მესმის, რთულია ილაპარაკო საკუთარ წარუმატებლობაზე, დამარცხებასა თუ არაერთ დამცირებაზე, მაგრამ მდგომარეობის გამოსასწორებლად აჯობებს, თვალი გავუსწოროთ რეალობას და ,,მოყვარეს პირში ვუძრახოთ''. და როგორია რეალობა? - მტკივნეულია, მაგრამ ჩვენ გამოგვივლია გზა დიდგორიდან-ცხინვალამდე, აფხაზთა სამეფოდან-აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკამდე, ხოლო ნიკოფსია-დარუბანდის საზღვრები ,,წარმატებით'' შეგვიკვეცავს ენგურსა და ალაზანს შორის. გადავიტანეტ აფხაზეთის ომის ტრაგედია, 9 აპრილი, გავიმეორეთ ,,ბაზალეთის ბრძოლა'' და სხვა არაერთი, მაგრამ აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომს მაინც ვერ აღვუდექით წინ, დღეს კი ვართ საქართველო საინგილოს, ფერეიდანის, აფხაზეთის,ცხინვალის გარეშე, ცვენ აღარ გვეკუთვნის ,,ოშკი და ზარზმა, ბებერი ტაო...'' და არც ქართული ცაა ისე ,,მაღალი'', ქართველი ერი კი ისეთი ამაყი, როგორც ოდესღაც... ალბათ ამ ყველაფრის მიზეზი გვაინტერესებს ,,რამ მოგვიყვანა აქამდე?...'' მოგეხსენებათ 2008წ. აგვისტოს მოვლენების დროს გორის მახლობლად, ერთ-ერთი ქალაქის ქუჩაში ოკუპანტთა ტანკები დასეირნობდნენ და რუსულ დროშას აფრიალებდნენ. რას აკეთებდა ამ დროს ადგილობრივი მოსახლეობა? - სტუმართმასპინძლობის სრული დაცვით უმასპინძლდებოდა დაუპატიჟებელ სტუმრებს. სიტყვიერი განწყობა იქაური მოსახლეობის დიდი ნაწილისა ამგვარი იყო: ,,თუგინდ ზიმბაბვემ დაგვიპყროს, ოღონდ ცოცხლები გადავრჩეთ''. მე თუ მკითხავთ, ამ ყველაფერის მიზეზი დღევანდელი დამახინჯებული წარმოდგენაა სამშობლოზე. ჩანს, ძველად, ქართველს უკეთ ესმოდა საქართველოს, როგორც მამულის არსი, ანუ ჩვენი წინაპარი უკეთ აცნობიერებდა, თუ რამდენად იყო დამოკიდებული პირადად მისი და მთელი მისი ოჯახის კეთილდღეობა ქვეყნის ყოფაზე. ადამიანი ბუნებით ეგოისტია, ქართველმა კაცმა მოხერხებულად თქვა კიდეც: ,,ჯერ თავო და თავო, მერე ცოლო და შვილო'' , ანუ ყველა საკუთარი თავის გადასარჩენად იბრძვის, ასეთია ბუნების კანონი და არცაა დასაძრახი, მაგრამ თავგანწირული ბრძოლა ოჯახისა და საკუთარი თავისათვის გულისხმობს ერისა და სამშობლოს ერთგულ სამსახურს. დღევანდელ გათითოკაცებულ საზოგადოებაში კი ადამიანი საკუთარი თავის გადასარჩენადაც აღარ იბრძვის, ის ან გაურბის მწვავე რეალობას, ამ ინერციით ,,იქნევს ხმალს''. ალბათ აღარც ვფიქრობთ და არ გვანაღვლებს, რა იქნებოდა დღეს საქართველო სიცოცხლის სიტკბოებაზე რომ ეფიქრათ 200 უსახელო რაინდს დიდგორის ველზე, 300 არაგველს კრწანისის სასაფლაოზე. 10 000 ქართველ მოწამეს მეტეხის ხიდზე და კიდევ არაერთს საქართველოს ისტორიის მანძილზე. ჩემი აზრით დღეს აღარ უნდა დაგვჭირდეს გმირები, თითოოროლა ადამიანი, რომელთა მხრებზეც იდგება საქართველოს ყოფნა-არყოფნის საკითხი. რას აკეთებს, რას მოქმედებს დღეს ქართველი კაცი? - რას და დედაკაცს ემსგავსება თანდათან, წუწუნი, ლანძღვა-გინება თავის მართლების საუკეთესო ხერხად გავიხადეთ ქართველებმა, მხარ-თეძოზე წამოგდებულებმა იოლად მოვირგეთ ,,შემოდგომის აზნაურთა'' როლი. მაგალითად, როდესაც ჯერ კიდევ XIXს-ში ილია ჭავჭავაძემ წარმოგვიდგინა იმდროინდელი ადამიანი გამოგონილი პერსონაჟების საშუალებით, რომლებიც მხარ-თეძოზე წამოწოლილან და არაფერს აკეთეფენ გარდა ბუზების თვლისა, მსახურების ,,დაწიოკებისა'' და იმაზე ფიქრისა თუ რა ჭამონ ხვალ.
როგორც საქართველოს როგოთ მოქალაქეს უბრალოდ მიმაჩნია, რომ სამა ქართველის ცნობიერებაში გარდატეხა არ მოხდება, სანამ ,,ცვრიან ბალახზე ფეხშიშველა გავლის'' სურვილი არ დაგვიბრუნდება, ვიდრე არ მივხვდებით, რომ თავისუფლება და დამოუკიდებლობა ერთი ბატონის მეორეთი შეცვლასთან არ უნდა გავაიგივოთ, მანამდე ჩვენი ქვეყანა იქნება სახელმწიფო მოუგვარებელი უამრავი კონფლიქტით და როგორც ვახუშტი კოტეტიშვილი იტყოდა:
,,გავიბითურეთ სამშობლო, მართლაც სამოთხის სადარი,
სხვა საქართველო კი არა, თვით საქართველო სად არის?''
Monday, December 15, 2014
ვის შეიძლება ეწოდოს ,,კაი ყმა'' დღეს
ქართულ ფოლკლორში, ლექსი, მოთხრობა თუ პოემა აქებს და ადიდებს კაი ყმას, ანუ ვაჯკაცს, რაინდს მამაცს და გამბედავს, ამ ყველაფერს ერთ ადამიანში გაერთიანებულს.
ქართულ მოთხრობებში კაი ყმა ყოველთვის დადებითი თვიდებების მქონე პიროვნებად გვევლინება. ვაჟა–ფშაველამ კი თავის ლექსში პირდაპირ ჩამოთვალა ყველა ის თვისება, რაც უნდა ახასიათებდეს კაი ყმას. კაი ყმობა მატრო ხმლის ჭერა და ტრაბახი არაა. ის ხმალი არ უნდა იჟანგებოდეს და მას ვაჟკაცურად გამოყენება სჭირდება. დღეს დღეობით ჩემი აზრით თუ გინდა რომ იყო კაი ყმა და გქონდეს სახელი ,,გავარდნილი'', უნდა აკმაყოფილებდე ყველა იმ თვისებას რაც ვაჟას ლექსშია, მაგრამ ახლანდელ დროში კაი ყმა სხვანაირად მოისაზრება ეგრედ წოდებული კაი ტიპი და თვისებებიც ცოტა არ იყოს გათანამედროვებულია. დღეს შეიძლება კაი ყმის პოვნა ძნელი იყოს, ასეთი ადამიანი მართლაც რომ იშვიათია, მაგრამ მაინც არსებობს ისეთი ხალხი რომელსაც ეს ტიტული შეიძლება ვუბოძოთ. ასეთი ადამიანი შეიძლება იყოს ის, რომელიც ყოველ დღე ცდილობს რომ რაღაც გააკეთოს ცხოვრებაში, დაიცვას დაჩაგრული, თავისზე სუსტი ადამიანი და იცოდეს საზოგადოებასთან ქცევის წესები.
ასე,რომ დღეს ,,კაი ყმა'' შეიძლება მხოლოდ ზემოთ აღნიშნული თვისებების მატარებელს ეწოდოს, მაგრამ აღსანიშნავია, ისიც ვინც ახლა ჯარშია და მის მოვალეობას იხდის. ჯარისკაცებს ომში გაუწირავთ თავი და საბრთხეში ჩაუგდიათ სიცოცხლე... რის გამო?...ხალხის რათქმაუნდა, ანუ ჯარისკაცი ითქმის ჩემთვის დღესდღეობით კაი ყმად!! იმედია შემოეჩება საქართველოს ეს ტიტული, რადგან ოდითგანვე საქართველოში მრავალი ,,კაი ყმა'' გაზრდილა და გარდაცვლილა, მათ აქ სამარადისო სახელი დატოვეს და ზუსტად ისინი ცდილობდნენ, რომ საქართველოს არ მოჰკლოდა ღირსეული ადამიანები. ძალიან მინდა, რომ ახლანდელ დროში ,,კაი ყმა'' მხოლოდ კაი ტიპის თვოსებებით არ იყოს, არამედ იყოს ისეთი, როგორიც სურდა ვაჟას.
,,პასუხისმგებელია თუ არა საზოგადოება ცალკეული ადამიანის მიერ ჩადენილ დანაშაულზე?''
ყოველი ადამიანი გარკვეული საზოგადოების წევრია. მისი ქცევა თუ მოქმედება დამოკიდებულია მხოლოდ მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე, თუმცა ადამიანი ხშირად კარგავს საკუთარ აზრს და ბრბოს უერთდება.
ხშირად ადამიანი ხედავს მის ირგვლივ რა ხდება, მაგრამ რეაგირებას არ ახდენს, რასაც საბოლოოდ ცუდ შედეგებზე გაჰყავს. ილია ჭავჭავაძის მოთხრობიდან ,,სახრჩობელაზედ'' პეტრე, ერთი ალალი და გულკეთილი კაცია. ყველასათვის კეთილის მოსურნე და მაინც რისთვის იყო იგი დამნაშავე?! პერტემ თვითონაც ვერ გააცნობიერა ისე ჩაიდინა დანაშაული. იგი არაფირდაპირი, მაგრამ მაინც დამნაშავეა. დანაშაულია, როდესაც უყურებ ახალგაზრდა კაცის ჩამოხრჩობას და ხელს არ გაანძრევ მის დასახმარებლად და თავისთავად შენც ბრბოს წევრი ხდები. განა რისთვის ჩაუდო ღმერთმა ეს დალოცვილი გული ადამიანს ან გრძნობის უნარი რისთვის მოგვცა? თუ კი ეს ასეა მაშინ რატომ ვართ ადამიანები ესეთი გულქვები. საზოგადოება და მისი ყოველი წევრი ფხიზლად უნდა იყო და ადევნებდე თვალყურს რაც მის გარშემო ხდება. სწორედ პეტრე აღმოჩნდა ხიდის იმ მხარეს, სადაც საზოგადოება აცნობიერებს რა ხდება, მაგრამ არ ცდილობს დახმარებას. ასევე მოვიყვან მაგალითს მიხეილ ჯავახიშვილის ,,ეშმაკის ქვიდან'' სადაც სოფიო ბრბომ შეიწირა და ბიჭს ქვა ესროლა იმის მაგივრად რომ დახმარებოდა მას. როდესაც ადამიანები მიხვდებიან, რომ საშინელება ჩაიდინეს მხოლოდ მაშინ უჩნდებათ სინანულისა და შიშის გრძნობა. სწორედ სოფიოს ბოლო მოუღო იმის განცდებმა, რომ ვერ შეეწინააღმდება ბოროტებას და ბრბოს მონაწილე გახდა.
საბოლოოდ ვასკვნი, რომ საზოგადოება ცალკეული ადამიანის მიერ ჩადენილ დამაშაულზე პასუხისმგებელია, რადგან სწორედ საზოგადოება და მათი დამოკიდებულება უბიძგებს ადამიანს დანაშაულის ჩადენისკენ და უნდა ვეცადოთ, რომ არ მოვექცეთ ბრბოს ზეგავლენის ქვეშ, რადგან სწორედ აბობოქრებული და განრისხებული ხალხის გვერდით ადამიანი იმ მხეცს ემსგავსება, რომელიც მშიერია და უნდა, რომ ვინმეს სიცოცხლის ხარჯზე დაპურდეს.
Sunday, December 14, 2014
ძლიერი ადამიანი
ცხოვრებაში ხშირად ვხვდებით მრავალ დაბრკოლებას, სიხარული და ნათელი დღეებიც ბევრია რა თქმა უნდა, მაგრამ ადამიანს ბედნიერების მისაღწევად ბევრი შრომა უწევს, რაც საკმაოდ რთულია, მაშინ როცა მას სიძლიერე აკლია.
ძლიერ ადამიანს უნარი შესწევს გაუმკლავდეს ყოველდღიურ ცხოვრებისეულ გამოწვევებს, თუმცა სიძლიერეც სუბიექტურია და ხშირად ადამიანებს სურთ ძლიერად დარჩენა, მაგრამ არ ძალუძთ იმ თვისებათა გამომუშავება, რაც საჭიროა საიმისოდ, რომ ძლიერ ადამიანად შედგე. არის შემთხვევები, როცა ადამიანები გულგრილნი ხდებიან მათ ირგვლივ მიმდინარე მოვლენების მიმართ, თითქოსდა მხოლოდ საკუთარი თავის გატანა, თუნდაც სხვისთვის ზიანის მიყენების მეშვეობით, ძლიერად გვაქცევს. რეალურად მსგავსი დამოკიდებულება ცხოვრებასტან ხომ სისუსტის გამოჩენაა. ჩემი სუბიექტური აზრია, რომ ადამიანი ძლიერია მაშინ, როცა მრავალ დაბრკოლებას ნებისყოფის დახმარებით ისე გადალახავს, საკუთარ თავთანაც მართალი რომ იქნება და სხვასთანადაც. ვფიქრობ, ადამიანის სიძლიერის კიდევ ერთი მაჩვენებელი ოპტიმიზმია, რომლის წყალობითაც ადამიანი ფარ–ხმალს არ ყრის და ცხოვრებისეულ სირთულეებს დაუღალავად ებრძვის. მინახავს მხედველობა დაკარგული ადამიანები, მინახავს მრავალი გადაუჭრელი პრობლემის მქონე ადამიანები, რომლებიც ხშირად ბევრად მხნედ გამოიყურებიან, ბევრად თავაზიანები და თუნდაც სასიამოვნო მოსაუბრენი, ვიდრე ისინი, ვისაც პრობლემად ფუფუნების საგნის ყიდვა–არ ყიდვა ერჩვენება. ჩემთვის სწორედ ის ადამიანია ძლიერი, ვინც სიბნელეში სინათლის სხივის დასანახად წინ და წინ მიიწევს და არა ის, ვინც კაშკაშა სინათლეში, ბნელ მხარეებზე ამახვილებს ყურადღებას.
ამრიგად ვფიქრობ, რომ რადგან ამ ქვეყნად ცხოვრების უფლება მოგვეცა, ძალაც შეგვწევს გავუმკლავდეთ ყოველდღიურ განსაცდელებს, ადამიანს ხომ მხოლოდ ისეთი განსაცდელი ეწევა, რომლის გადალახვაც ძალუძს, ასე რომ მთავარია საკუთარ თავში მოვძებნოთ ის პოტენციალი, რომელიც სულიერ სიძლიერეს შეგვმატებს და შემდეგ შევძლებთ თამამად ვთქვათ, რომ ცხოვრება მშვენიერია.
Saturday, December 13, 2014
რა არის მეგობრობა
მეგობრობა არის ქცევაა, რომელიც ვლინდება ურთიერთგაგებითა და მხარდაჭერით პიროვნებებს შორის. ის მოიცავს ურთიერთობას ადამიანთა შორის, რომელთაც გააჩნიათ საერთო ცოდნა, ინტერესი, გატაცება და ერთმანეთის დახმარება ნებისმიერ დროს, ნებისმიერ საკითხში.
მეგობრობის გრძნობა ქართველი კაცის ბუნების ნაწილია, ძმადგაფიცვაა ამის ნათელი დასტური. ქართველი მწერლები უხვად უმღერიან მეგობრობას თავის ნაწარმოებებში. მაგალითად შოთა რუსთაველის ,,ვეფხისტყაოსანი'', რომელიც მეგობრობისა და სიყვარულის ჰიმნია.
სწორედაც, რომ მეგობრობისთვის თავდადება სიბრძნის გამოხატულებად მიმაჩნია. მოვიშველიებ ისევ ,,ვეფხისტყაოსნის'' ანდერძს, რომელიც ავთანდილმა როსტევანს დაუტოვა და სადაც ამბობს,რომ: ,,კაცი ბრძენი ვერ გასწირავს მოყვარესა მოყვარულსა'', სწორედ ავთანდილს სურს, რომ მის ახლად შეძენილ მეგობარს დაეხმაროს დაკარგული სატრფოს მოძებნაში.
საბოლოოდ ვასკვნი, რომ სწორედ მეგობარია ის ადამიანი, რომელთან ერთადაც გიხარია, რომელიც მწუხარებას გიმსუბუქებს, რომელიც ცხოვრების ყველაზე დიდი საჩუქარი და მონაპოვარია, რაზეც გვემოწმება ძველი ბერძენი ფილოსოფოსის ეპიკურეს სიტყვები: ,,ყველა სიკეთიდან რომელთაც სიბრძნე სრული ბედნიერების მისაღწევად გვთავაზობს, ყველაზე დიდი მონაპოვარი მეგობრობაა'', ასევე ჯოზეფ ედისონის სიტყვები: ,,მეგობრობა სრულქმნის ბედნიერებას და აქარწყლებს უბედურებას, რადგან სიხარულს გვიორმაგებს და უბედურებას გვიქარწყლებს''.
რა არის თავისუფლება
თავისუფლება ცაში მონავარდე თეთრ არწივს ჰგავს, იგი თავისთვის ლაღად დაფრინავს, არც ვინმეს ჰკორტნის ყვავ–ყორანივით... თავისუფლება, ჩემი აზრით არის სულიერი სიმშვიდე,როცა საკუთარ ბედს და ცხოვრების სტილს განსაზღვრავ თავად და არა სხვისი მითითებით და იმის ყურებით, რომ რას იფიქრებს სხვა მე რომ ესე მოვიქცე. ამავე დროს თავისუფლება ნიშნავს მოქმედებაზე პასუხისმგებლობასაც. ამიტომ თავისუფლება გულისხმობს, როგორც უფლებებს ისე მოვალეობებსაც. ღმერთმა ადამიანს დაბადებიდანვე მიანიჭა არჩევნის უფლება, მას თავად უნდა გაეკეთებინა არჩევანი თუ, როგორ იცხოვრებდა. ,,ღმერთმა ადამიანი შექმნა ხატად და მსგავსად თვისი''. სწორედაც, რომ არჩევნის უფლებაა თავისუფლება. ჩემი აზრით შენი პიროვნული თავისუფლება იქ მთავრდება, სადაც სხვისი იწყება. მოვიშველიებ ლაი ძის სიტყვებს: ,,შენი უფლებები მთავრდება იქ სადაც იწყება სხვისი'', ასევე მახსენდება ილია II-ეს სიტყვები: ,,ჭეშმარიტი თავისუფლება ცოდვათაგან განთავისუფლებით მიიღება'' – ,,თავისუფლების მოპოვება რთულია; მონობაში დარჩენა–იოლი, მაგრამ თავისუფლების შედეგი მარადიული ნეტარებაა, მონობისა კი–მარადიული სიკვდილი''. ასე, რომ ყოველი უფლება შეზღუდულია შესაბამისი მოვალეობით, ეს ნიშნავს, რომ ადამიანს შეუძლია ისარგებლოს უფლებებით მხოლოდ გარკვეულ ფარგლებში ისე, რომ არ შეზღუდოს სხვისი უფლებები. ,,ადამიანის უფლებების და თავისუფლების განხორციელებამ არ უნდა დაარღვიოს სხვისი უფლებები და თავისუფლებები'' (საქართველოს კონსტიტუციის, 44მუხლი).
Friday, December 12, 2014
ესე–,,ადამიანის გული აღუვსებელი საწყაულია''
ჩვენს წუთისოფელში ცხოვრება რთულია. ყვე;ა ცდილობს გაიუმჯობესოს ცხოვრების პირობები. ეს ქმედება თავისთავად კარგია, მაგრამ ხშირად ვაწყდებით პარადოქსულ სიტუაციას–რაც უფრო მეტს აღწევ ადამიანი, მით უფრო მეტი სურს, ალბათ ამიტომაც არის ადამიანთა ცხოვრება ხიფათებითა და ურთიერთშუღლით სავსე, არასდროს ვკმაყოფილდებით მიღწეულით და ვილტვით იმისკენ, რაც შეიძლება ჩვენს ძალებსაც კი აღემატება.
ადამიანის გილისწადილი, რაც შეიძლება მეტი მიიღოს, კარგად არის გამოვლენილი არა მარტო ქართულ, არამედ მსოფლიო ლიტერატურაშიც. პირველი რა ფრაზაც მახსენდება ამ საკითხის განხილვისას, არის ციტატა ლადო ასათიანის ცნობილი ლექსიდან ,,სალაღობო'' –,,ხომ ლამაზია ეს ჩემი ცოლი, მაგრამ მე უფრო ლამაზი მინდა...'', ,,ხომ ლამაზია ეს საქართველო, მაგრამ მე უფრო ლამაზი მინდა''. ანალოგიური პრობლემა განიხილა ქართველმა პოეტმა ნიკოლოზ ბარათაშვილმა ლექსში ,,ფიქრნი მტკვრის პირას''.
,,მაინც რა არის ჩვენი ყოფა–წუთისოფელი,
თუ არა ოდენ საწყაული აღუვსებელი?
ვინ არის იგი, ვისთვის გული ეერთხელ აღევსოს,
და რაც მიეღოს ერთხელ ნატვრით, იგი ეკმაროს?''
მართლაც, რომ იშვიათია მსგავსი ადამიანის არსებობა, მაგალითისთვის ავიოთ ილია ჭავჭავაძის ,,კაცია–ადამიანი?!'', სადაც ლარსაბი განზოგადებული სახეა ადამიანის ჯგუფებისა და მისი აზრით კაცი ძირგავარდნილი ქვევრია, რომელსაც დღედაღამ უნდა ასხა სასმელი და აყარო ხორაგი და მაინც ვერ აავსო. თუმცა, საბედნიეროდ, გამონაკლისებიც არსებობენ, მაგრამ თითოეულ ადამიანში მაინც ღრმად აქვს ფესვები გამდგარი ერთ–ერთ ყველაზე ,,სასიამოვნო'' ცოდვას – პატივმოყარეობას,რაც საბოლოოდ უფრო მეტის და მეტის სწრაფვისკენ გვიბიძგებს.
ამრიგად, გარშემო, რომ მიმოვიხედებით საბოლოოდ ვასკვნით, რომ ,,ადამიანის გული აღუვსებელი საწყაულია'' და მიღწეულს იშვიათად თუ სჯერდება. დასასრულს კი ფოლკნერის სიტყვები მახსენდება: ,,აჩუქეთ მას მთელი სამყარო და ლამაზ შეფუთვასაც მოგთხოვთ''.
Subscribe to:
Comments (Atom)






