Sunday, December 14, 2014

ძლიერი ადამიანი

   
   
    ცხოვრებაში ხშირად ვხვდებით მრავალ დაბრკოლებას, სიხარული და ნათელი დღეებიც ბევრია რა თქმა უნდა, მაგრამ ადამიანს ბედნიერების მისაღწევად ბევრი შრომა უწევს, რაც საკმაოდ რთულია, მაშინ როცა მას სიძლიერე აკლია.
    ძლიერ ადამიანს უნარი შესწევს გაუმკლავდეს ყოველდღიურ ცხოვრებისეულ გამოწვევებს, თუმცა სიძლიერეც სუბიექტურია და ხშირად ადამიანებს სურთ ძლიერად დარჩენა, მაგრამ არ ძალუძთ იმ თვისებათა გამომუშავება, რაც საჭიროა საიმისოდ, რომ ძლიერ ადამიანად შედგე. არის შემთხვევები, როცა ადამიანები გულგრილნი ხდებიან მათ ირგვლივ მიმდინარე მოვლენების მიმართ, თითქოსდა მხოლოდ საკუთარი თავის გატანა, თუნდაც სხვისთვის ზიანის მიყენების მეშვეობით, ძლიერად გვაქცევს. რეალურად მსგავსი დამოკიდებულება ცხოვრებასტან ხომ სისუსტის გამოჩენაა. ჩემი სუბიექტური აზრია, რომ ადამიანი ძლიერია მაშინ, როცა მრავალ დაბრკოლებას ნებისყოფის დახმარებით ისე გადალახავს, საკუთარ თავთანაც მართალი რომ იქნება და სხვასთანადაც. ვფიქრობ, ადამიანის სიძლიერის კიდევ ერთი მაჩვენებელი ოპტიმიზმია, რომლის წყალობითაც ადამიანი ფარ–ხმალს არ ყრის და ცხოვრებისეულ სირთულეებს დაუღალავად ებრძვის. მინახავს მხედველობა დაკარგული ადამიანები, მინახავს მრავალი გადაუჭრელი პრობლემის მქონე ადამიანები, რომლებიც ხშირად ბევრად  მხნედ გამოიყურებიან, ბევრად თავაზიანები და თუნდაც სასიამოვნო მოსაუბრენი, ვიდრე ისინი, ვისაც პრობლემად ფუფუნების საგნის ყიდვა–არ ყიდვა ერჩვენება. ჩემთვის სწორედ ის ადამიანია ძლიერი, ვინც სიბნელეში სინათლის სხივის დასანახად წინ და წინ მიიწევს და არა ის, ვინც კაშკაშა სინათლეში, ბნელ მხარეებზე ამახვილებს ყურადღებას.
     ამრიგად ვფიქრობ, რომ რადგან ამ ქვეყნად ცხოვრების უფლება მოგვეცა, ძალაც შეგვწევს გავუმკლავდეთ ყოველდღიურ განსაცდელებს, ადამიანს ხომ მხოლოდ ისეთი განსაცდელი ეწევა, რომლის გადალახვაც ძალუძს, ასე რომ მთავარია საკუთარ თავში მოვძებნოთ ის პოტენციალი, რომელიც სულიერ სიძლიერეს შეგვმატებს და შემდეგ შევძლებთ თამამად ვთქვათ, რომ ცხოვრება მშვენიერია.

No comments:

Post a Comment